საქართველოში 7 იანვარს ტრადიციული „ალილო“ არ ჩატარდება

7 იანვარს სამღვდელოება მოსახლეობას შობის დღესასწაულს ავტომობილებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა „ალილო“ არ მოეწყობა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

საქართველოში მართლმადიდებლები 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — მაცხოვრის შობას აღნიშნავენ.

2021 წლის დღესასწაულებისა და უქმეების კალენდარი

„წლებია 7 იანვარს თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა, მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატრიარქოს ცნობით, მსვლელობა არ მოეწყობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობასა და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობითა და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

„ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები... საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლავ შეზღუდვები: რა იკრძალება და რა დაიშვება 3 იანვრიდან

ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს, რომელიც, მათ შორის, საღამოს 9 საათიდან ქუჩაში გადაადგილებას კრძალავს. თუმცა შობის ღამეს, გამონაკლისის სახით და ახალი წლის ღამის მსგავსად, ეს შეზღუდვა მოიხსნება.

საქართველოში ალილოს ტრადიციას 15 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისმა უწმიდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ აღადგინა. ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.