თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში 100 ხანძარი ჩააქრეს, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
სადღეღამისო რეჟიმში 500-ზე მეტმა მეხანძრემ აქტიური 105 ხანძრიდან სრულად 100 ხანძრის ჩაქრობა მოახერხა. ცეცხლის ხუთი კერის ლიკვიდაციისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის სამეგრელოში ცეცხლის 77-დან 74 კერაა ლიკვიდირებული, სამგან ლიკვიდაციის სამუშაოები გრძელდება.
რაჭაში ლიკვიდირებულია ორიდან ერთი კერა, მეორეზე ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარაში ერთ კერაზე ცეცხლის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს, იმერეთში ჩამქრალია 18-ვე ხანძარი, ასევე ლიკვიდირებულია შვიდი ხანძრის კერა გურიაში.
„კერების უმრავლესობაზე ცეცხლი ეკიდა ეკალბარდებს და მინდორს. ასევე დაფიქსირდა ტყის ქვედა საფარის ხანძარიც. ამ დროისათვის აღნიშნული ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძლიერი ქარის გამო რამდენიმე ლოკაციაზე ხანძრის მინდვრიდან საცხოვრებელ სახლზე ან ტყის მასივზე გადადების საშიშროება იყო, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის თავიდან არიდება შეძლეს.