თბილისში გიორგი რურუასა და კარტოგრაფების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება

საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მცირე საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან დაახლოებით ოცი ადამიანი შეიკრიბა – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივიტები, რომლებიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენით განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ამნისტია შეეხოს „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას, რომელიც გლდანის მერვე საპატიმროში იხდის სასჯელს იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისა და ტარებისთვის; ასევე კარტოგრაფებს – ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, რომლებიც აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის შესაძლო უკანონო გადაცემის საქმეზე დააკავეს. მათ, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937–1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი, მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია პოლიტპატიმრებს ეძღვნება და სანამ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიებია, დემოკრატიას მომავალი არ გააჩნია.

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი: შეღავათი ქალ მსჯავრდებულებს და სტუდენტებსაც შეეხება>>

პარლამენტმა კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ პირველი მოსმენით 31 დეკემბერს მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს.