თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსი 23 ქალ პატიმარს აღმოაჩნდა, რომლებიც ქვემო ქართლის სოფელ მთისძირში ქალთა საპატიმროში იხდიან სასჯელს. ინფიცირებულებს სიმტომები არ აღენიშნებათ და თავს კარგად გრძნობენ, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
„3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს COVID-19-სთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და, შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტინგენტისგან იზოლირებულად, საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კოვიდ–ინფიცირებულ პატიმრებს ორი კვირის შემდეგ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ, ხოლო შუალედებში, ყოველ 72 საათში ერთხელ – სწრაფი ტესტირება. ეს ზომები ვირუსის ადრეულ სტადიაზე გამოვლენისთვის ტარდება, განმარტავენ პენიტენციურ სამსახურში.
პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსზე ვაქცინაცია დაიწყო>>
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არიან ის პატიმრებიც, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის ბოლოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. ტესტირება 31 დეკემბერს არასრულწლოვანთა კოლონიის 22 პატიმარს ჩაუტარდა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. პროცესი უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის ციხეებს მოიცავს.
რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ბახილებით, PCR ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.
პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნებზე შეზღუდვა გახანგრძლივდა>>
საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 2.316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა ამჟამად 232.079-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.