ხანძრის კერები სამეგრელოში: რა ვითარებაა რეგიონში

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა ერთი საცხოვრებელი სახლი.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ცეცხლის 40  კერიდან ამ დროისთვის 19 აქტიური კერა რჩება, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხანძარია

სამეგრელოში დღის განმავლობაში ხანძრის ათეულობით კერა დაფიქსირდა. თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა. თუმცა, ძლიერი ქარის გამო ხანძარი კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე გავრცელდა, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა ხანძრის 40 შემთხვევა.  ამ დროისთვის 11 კერა ლიკვიდირებულია, ხოლო რვაზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი.  ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ძლიერი ქარი აფერხებს“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ. 

ძლიერი ხანძარია წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე გურიის, იმერეთისა და აჭარის სახანძრო-სამაშველო სამსახურები

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერიებში შესაბამისი კომისიები შეიქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა და სასოფლო სამუშაოები სახელდება.

 ძლიერი ქარის შედეგად დღეს დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძებიც, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

ნიკა ლატარია