2021 წელს ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სახელმწიფოს პოლიტიკა როგორც ჯანდაცვის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იქნება იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დაწყებულია და შედეგად მოიტანა საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
Sputnik

თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ჯანდაცვასა და სოციალურ პროგრამებზე 5 მლრდ ლარი გამოყო, რომლის დიდი ნაწილი მიმართული იქნება მოქალაქეთა დახმარებაზე. 

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა: ძირითადი მიმართულებები

ჯანდაცვის ახალი ბიუჯეტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება 2021 წელს სოციალურ პროგრამებსა და მოქალაქეების დახმარებაზე 3,8 მლრდ ლარს დახარჯავს.

ამ თანხაში გათვალისწინებულია 1 იანვრიდან მომატებული პენსიების, მოქალაქეთა სოციალური დახმარებების და კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობისთვის სოციალური შეღავათებისთვის განსაზღვრული ხარჯები.

მოქალაქეთა მიზნობრივი დახმარება

საქართველოში 1 იანვრიდან დაიწყო დახმარებების გაცემა იმ პირთათვის, რომლებიც 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში თვეში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ექვსი თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სოციალური ქულა აქვთ, ასევე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შშმ და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები.

გარდა ამისა, თანხები მოხმარდება გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ზამთრის პერიოდში კომუნალური ხარჯების სუბსიდირებას.

ხარჯები ჯანდაცვაზე

წელს სახელმწიფო ჯანდაცვაზე 1,5 მლრდ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს, ამასთან 400 მლნ მოხმარდება კორონავირუსთან ბრძოლას, რომლის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. 

თამარ გაბუნია: ჯერ ვერ ვიტყვით, რომ პიკი გადავიარეთ

სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეც იზრუნა, რომელიც მოქალაქეთა საყოველთაო დაზღვევას ითვალისწინებს. 2021 წელს აღნიშნულ პროგრამაზე 800 მლნ ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება ჯადაცვის სხვა პროგრამებს, C ჰეპატიტზე მკურნალობისთვის 7 მლნ ლარი, აივ-ინფექცია/შიდსის მკურნალობაზე 14,1 მლნ ლარი, ტუბერკულოზის მკურნალობისთვის 17,2 მლნ ლარი, ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის კი 12,2 მლნ ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციასა და აღჭურვაზე 30 მლნ ლარია გათვალისწინებული.