თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოში 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ვირუსოლოგები დააკვირდებიან, როგორ აისახება ეპიდვითარებაზე ახალი წლის ღამის მომატებული მობილობა.
„შეზღუდვების გახანგრძლივება ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება 10-12 რიცხვისთვის საახალწლო ღამის შედეგები“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ.
ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ყველაფერი მასშტაბზეა დამოკიდებული.
„პირველ რიგში, გაზრდილი მობილობის შედეგები გამოჩნდება სადღაც 10-14 რიცხვისთვის, გამოჩნდება, ხომ არ მიგვიყვანს ეს შემთხვევების მატებამდე. ალბათ მატება იქნება, გააჩნია, რა მასშტაბებით. უფრო საშიში, რა თქმა უნდა, იქნებოდა საახალწლო სუფრები, სადაც ადამიანები ნიღბის გარეშე იქნებოდნენ“, – განაცხადა იმნაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, მაღაზიებში და სავაჭრო ცენტრებში ყველა რეკომენდაცია კარგად იყო დაცული.
კვლავ შეზღუდვები: რა იკრძალება და რა დაიშვება 3 იანვრიდან >>
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 16 იანვრამდე საქართველოში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე გარკვეული შეზღუდვები მოხსნილი იყო.