თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. თელავში სამოქალაქო აქტივისტები კახეთის სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააცნეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შეხვედრა თელავის თეატრთან პირველ იანვარს მომხდარ ფაქტს უკავშირდება. ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, რა დროსაც გაშლილ კარავში ორი პირი ავტომობილით შესვლას შეეცადა.
მხარეები მოლაპარაკების შედეგად პოლიციასთან რამდენიმე დაპირების სანაცვლოდ შეთანხმდნენ. აქტივისტებმა პირველ იანვარს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება, კანონის შესაბამისად დასჯა და კარვების მიმდებარედ პოლიციის ეკიპაჟის მორიგეობა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მოლაპარაკების დროს პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორისგან მიიღეს დაპირება, რომ დამნაშავეები უახლოეს პერიოდში დაისჯებიან.
სამოქალაქო აქტივისტები თელავში თვეზე მეტია, კარავში ათენებენ ღამეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.