სპეცოპერაცია ფონიჭალაში - პოლიციამ ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ფონიჭალის დასახლებაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - „ჰეროინი“ და „მეტადონი“, ასევე, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

კახეთში პოლიციამ ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღო

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლას. უწყებამ 2020 წლის განმავლობაში 71 ნარკორეალიზატორი დააკავა, გამოავლინა ნარკოტრანზიტის სქემა და ამოიღო 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 16 პირი,​ დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია.

წლის განმავლობაში გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.