საიდან იღებს თანხას ფინანსთა სამინისტრო ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებისთვის

ეს თანხა „მისხალ–მისხალ“ შეგროვდა, რადგან ყველა უწყების ხარჯები ისედაც მინიმუმამდეა შემცირებული, განაცხადა მაჭავარიანმა
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მოსახლეობისთვის ტარიფის სხვაობის დასაფარავად სახელმწიფო 105 მილიონ ლარს დახარჯავს და ეს თანხა სამინისტროების დაფინანსების შემცირების გზით გამოიყო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

საქართველოში 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი 0,035 ლარით გაიზარდა. მთავრობამ ქვეყნის ოჯახების უმეტესი ნაწილისთვის ტარიფის განსხვავების გადახდა გადაწყვიტა. სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე ნაკლებს მოიხმარენ, ეს კი 1,6 მილიონ ოჯახზე მეტია.

„ეს თანხა სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ავაგროვეთ. სახელმწიფო დაფინანსების დაკლება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხება. სამწუხაროდ, ფუფუნება არ გვქონდა, რომ რომელიმე ერთი სფერო აგვერჩია და გვეთქვა, 100 მილიონით ამას ვამცირებთ და ჩავანაცვლებთ სუბსიდირებით“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ეს უწყებებისთვის მტკივნეული იყო, რადგან ზედმეტი ფული არავის აქვს და ყველა ხარჯი ისედაც მინიმუმამდეა შემცირებული.

გახარია: წყლის გაზრდილ ტარიფს სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სრულად დაუფარავს>>

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული თანხა მოაკლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა ფული სხვა სამინისტროებსაც დააკლდა.