თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში იანვრის მეორე ნახევარში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შესაძლოა მოიმატოს, ვინაიდან საახალწლო პერიოდში ქვეყანაში მობილობა იზრდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ეპიდემიოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ, ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ ახლობლების მონახულებისა და ხალხმრავლობისგან, ამასთან მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც ჩაიტარონ ტესტირება.
„ნებისმიერი აქტივობა, რაც იქნება საახალწლო პერიოდში, გარკვეულწილად რისკის მატარებელია. ამიტომ შესაძლოა, იანვრის მეორე ნახევარში გარკვეულ მატებას ველოდოთ. წესების დაცვის პირობებში დაცული ვიქნებით იმისგან, რომ ეს მატება არ მოხდეს, მაგრამ მზაობა მაინც გვაქვს“, - განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, შეზღუდვების შედეგად ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში შედარებით დასტაბილურდა და შესაძლებელია, უახლოეს დღეებში კლების ტენდენციაც კი დაფიქსირდეს.
გაბუნიას კორონავურუსით სიკვდილიანობის შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ორი-სამი კვირა დასჭირდება იმას, რომ შემცირდეს მძიმე და შემდეგ ლეტალური შემთხვევები.
„ამას კიდევ გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა კარგია ის, რომ სიკვდილიანობის მატების ტენდენცია არ აღინიშნება. აქაც გვაქვს გარკვეული სტაბილიზაციის მაჩვენებელი“, – განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურება ჰოსპიტალური სექტორისთვის დიდი შეღავათი იყო.
„ქვეყნის მასშტაბით არსებული საწოლების რაოდენობის დაახლოებით 35 პროცენტი თავისუფალია. აქედან უფრო მეტი თავისუფლება არის აჭარის რეგიონში, სადაც რეალურად უკვე გვაქვს ეპიდემიის მაჩვენებლების ჭეშმარიტი კლება“, - ამბობს გაბუნია.
ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადის ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, დაკეტილია სპორტული დარბაზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ა.შ. გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება ახალი წლისა და შობის ღამეს. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრები, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების გამო, დილის 7 საათიდან 19:00 საათამდე ღიაა.
შეზღუდვები 2021 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და მის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ თებერვლის დასაწყისში იმსჯელებს.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.738-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 225.893-ს მიაღწია.