ბორის ჯონსონმა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

თემთა პალატაში დამტკიცების შემდეგ, 1246-გვერდიანი დოკუმენტი გადაეგზავნა განსახილველად ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას, შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელია, მას ხელს დედოფალი ელისაბედ II მოაწერს
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა ევროკავშირთან Brexit-ის შემდეგ ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც გასულ კვირას არის მიღწეული, იუწყება РИА Новости.

ბრიტანეთი დათმობებზე წავიდა: ევროკავშირთან სავაჭრო გარიგება შედგა

შეთანხმების გაფორმების შესახებ დოკუმენტი დაუნინგ-სტრიტზე ჩაიტანეს ბრიუსელიდან, სადაც მას ხელი მოაწერეს ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა. ჯონსონმა აღნიშნა, რომ მზად არის, ხელშეკრულება მომავალი კვირიდან აამოქმედოს, ასევე მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს, რომლებიც გარიგებაზე მუშაობდნენ.

ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ მიიღო ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების შესახებ კანონპროექტი Brexit-ზე, რომლის პირობები 1 იანვრიდან ამოქმედდება.

სავაჭრო შეთანხმების შესახებ კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 73.

თემთა პალატაში დამტკიცების შემდეგ, 1246-გვერდიანი დოკუმენტი გადაეგზავნა განსახილველად ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატას, შემდეგ კი, როგორც მოსალოდნელია, მას ხელს დედოფალი ელისაბედ II მოაწერს.

2020 წლის 31 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა 47-წლიანი წევრობის შემდეგ ევროკავშირი დატოვა. Brexit-ის გამოცხადებიდან გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბრიტანეთში ევროკავშირის ყველა ნორმა და კანონი მოქმედებდა, მოქალაქეები კი გამარტივებული პროცედურით მოგზაურობდნენ, 31 დეკემბერს იწურება.

შოტლანდია Brexit-ის წინააღმდეგ: პირველი მინისტრი დამოუკიდებლობას მოითხოვს

შედეგად, ახალი წლიდან შეწყდება მოქალაქეების (ბრიტანელებს ხანგრძლივი მოგზაურობისას დასჭირდებათ ევროპული ვიზები, ევროპელებს - ბრიტანული), საქონლის (აღდგება სასაზღვრო კონტროლი, მათ შორის, სანიტარული, მაგრამ არ იქნება საბაჟო გადასახადი და კვოტები) და მომსახურების (ბრიტანელ გადამზიდებს ან დამზღვევებს მოუწევთ ევროკავშირის წესებით საქმიანობა, აღარ იმოქმედებს პროფესიული კვალიფიკაციის ურთიერთაღიარების პრაქტიკა) თავისუფალი გადაადგილება.

თუმცა შენარჩუნდება თავისუფალი ტვირთგადაზიდვები და ავიამიმოსვლა, ლონდონის თანამშრომლობა Europol-თან და ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის, მონაცემთა სწრაფი გაცვლა, ასევე თანამშრომლობა ისეთი საფრთხეების სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, პანდემია.

მხარეებმა გადაწყვიტეს, ერთობლივად განკარგონ თევზის რესურსები. თუმცა, ხუთი წლით გაიყინა სტატუს-კვო თევზჭერის უფლებებზე.

ბრიტანეთი გადადის სრულიად დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, მათ შორის, სანქციების საკითხში.