ზამთრის კურორტებზე სასტუმროების მფლობელებს გადასახადებს გადაუვადებენ

საგადასახადო შეღავათები 100-ზე მეტ კომპანიას შეეხება, ხოლო გადავადებული გადასახადის ოდენობა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ზამთრის საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროებისთვის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადები შეიძლება 2021 წლის 1 ივლისისთვის გადავადდეს – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებული შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ უნდა შევიდეს.

საქართველოში დამსაქმებლებისთვის საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება>>

ცვლილებების თანახმად, გადავადება შეეხება კურორტებს, რომლებიც განთავსებული არიან ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძის უღელტეხილზე და მესტიაში.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, აღნიშნულ კურორტებზე განთავსებული სასტუმროები საკარანტინო ზონებად არის გამოცხადებული.

საქართველოს ზამთრის კურორტები შესაძლოა თებერვლიდან გაიხსნას

„გადასახადის გადავადება, დადგენილ საგადასახადო შეღავათთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში დაეხმარება კომპანიებს, შეინარჩუნონ თანამშრომლები. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი შეეხება 100-ზე მეტ კომპანიას და გადავადებული გადასახადის ოდენობა შეადგენს 0,5 მილიონ ლარს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი არიან დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი. ინიციატორები კანონპროექტის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ.

ტურიზმის დახმარება საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას 1 ნოემბრამდე გადაუვადდა ქონების გადასახადი და ოთხი თვით საშემოსავლო გადასახადი. გარდა ამისა, 50-მდე ნომრის მქონე 2,2 ათასმა სასტუმრომ 6 თვის განმავლობაში საბანკო კრედიტის პროცენტის 80%-ის სუბსიდირება მიიღო. კომპანიებმა ასევე მიიღეს კრედიტების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა.