თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი კილოგრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამიზნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.