მსოფლიო დღეს

მგლოვიარე გედის გამო მატარებლების მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

ცნობილია, რომ გედები ვერ უძლებენ სერიოზულ სტრესს და იღუპებიან. ეს საოცარი ფრინველი თავადაც სიკვდილს არჩევს, როდესაც პარტნიორი უკვდება.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში 20-ზე მეტი მატარებლის მოძრაობა იყო შეჩერებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გედის გამო, რომელიც თანამგზავრის დაღუპვას გლოვობდა პირდაპირ რელსებზე, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.

​გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 23 დეკემბერს მოხდა კასელისა და გეტინგენის დამაკავშირებელ რკინიგზაზე და მას „განსაკუთრებული სამაშველო ოპერაცია“ დასჭირდა.

როგორც სამართალდამცველები წერენ Presse Portal-ზე, ერთ-ერთი გედი, სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის ქსელთან კონტაქტის გამო დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილ თანამგზავრს მისი მიტოვება არ უნდოდა და ყველა მცდელობა, რომ როგორმე გაეტყუებინათ ფრინველი რელსებიდან, ფუჭი გამოდგა.

ბავშვებმა გედს კვერცხები დაუმტვრიეს, რის გამოც დედა-გედს გული გაუსკდა: ვრცელდება კადრები

საბოლოოდ საშველად ადგილზე მეხანძრეები გამოცხადდნენ, რომლებმაც მგლოვიარე გედი სპეციალური აღჭურვილობით ასწიეს და ისე გადაიყვანეს მატარებლების სავალი გზიდან.

„სამაშველო ოპერაციის გამო 23 მატარებლის მოძრაობა 50 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული“, — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

გადარჩენილი გედი მოგვიანებით მდინარე ფულდაზე გაუშვეს.

ზოგადად, ცნობილია, რომ გედები ვერ უძლებენ სერიოზულ სტრესს და იღუპებიან. ეს საოცარი ფრინველი თავადაც სიკვდილს არჩევს, როდესაც პარტნიორი უკვდება. მანამდე ბრიტანეთში მოზარდებმა გედს აგურით დაუმტვრიეს კვერცხები, რასაც დედა-გედი გადაჰყვა — მას გული გაუსკდა.