ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს

ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატება მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციის ფარგლებშია და ამ ეტაპზე მთავრობა ამაში ჩარევას არ აპირებს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო იკისრებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, ხვალ გადაწყდება>>

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის საკითხი დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სხდომაზე გადაწყდება.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიცით, რა სიდიდით მოხდება ტარიფის ზრდა, რადგან ეს კომისიის კომპეტენციაა. ჩვენ ამ მომენტისთვის შესაფერისი, ერთადერთი გამართლებული გადაწყვეტილება მივიღეთ: 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას განცხადებით, საქართველოში სულ 1.7 მლნ აბონენტია, საიდანაც 1.6 მლნ აბონენტი 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.

რეგიონების მოსახლეობას შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეს

გუშინ ელექტროკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ (Energo-Pro Georgia) განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაუვალია ელექტროენერგიის ტარიფების მნიშვნელოვანი გაზრდა. კომპანია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება. კომპანიაში საუბრობენ კრიზისზე და აღნიშნავენ, რომ არსებული ტარიფების შენარჩუნება უფრო ცუდ შედეგებს მოიტანს.

ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (დღგ-ის ჩათვლით) ამჟამად ასეთია: 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი 14.2367 თეთრია. 101 კვტ/სთ-დან 301 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 18.2133, ხოლო 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 22.7327 თეთრი.

ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ცვლილებაზე გადაწყვეტილება მარეგულირებელ კომისიას გასული კვირის დასაწყისში უნდა მიეღო, მაგრამ ვინაიდან კომისიის რამდენიმე თანამშრომელი კორონავირუსით ინფიცირების რისკის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა, სხდომა გადაიდო.