თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მოსახლეობას წყლის ტარიფი უძვირდება

თბილისში გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის გადასახადი 1მ³-ზე დაახლოებით 17 თეთრით, ხოლო მათთვის, ვინც წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის, ერთ სულზე დაახლოებით 60 თეთრით იზრდება.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის 1 იანვრიდან თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მცხოვრებლებისთვის წყალზე ახალი სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

ვისთვის არ გაზრდის „თბილისი-ენერჯი“ გაზის ტარიფს – ნათია თურნავამ განმარტა

წყალის გადასახადს ამ ქალაქის მცხოვრებლები ან მრიცხველის ჩვენების მიხედვით, ან სულადობის მიხედვით იხდიან.

კომისიამ ახალი ტარიფები 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ სატარიფო მომართვების საფუძველზე დაადგინა.

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საყოფაცხოვრებო ტარიფები მომავალი წლიდან დღგ-ის ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის – 0.50 თეთრი/მ3, გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 4.518 ლარი/სულზე/თვეში, არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით – 6.503 ლარი/მ3.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დღეს მოქმედი ტარიფები ასეთია: მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1 მ³ – 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე – 3.89 ლარი, ხოლო არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1 მ3 – 4.4 ლარი.

რაც შეეხება „რუსთავის წყალს“, საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის 1 მ³ – 0.50 თეთრი, გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) – 3.004 ლარი/სულზე/თვეში, ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ის ჩათვლით 1 მ³ – 3.703 ლარი.

ახალი ტარიფები 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.