„შლაპას დავალებით“: საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები დააკავეს

ბრალდებულებმა ქურდული გარჩევა მოაწყვეს, ინტერნეტით „კანონიერი ქურდი“ დაალაპარაკეს და მეწარმეებს 10 ათასი ლარი მოსთხოვეს
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. სამეგრელოში დააკავეს ორი პირი, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდის“ - როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) სახელით ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეცოპერაცია ერთდროულად ზუგდიდსა და ხობში ჩატარდა.

„კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლაში სომხეთი საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს >>

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბრალდებულები „კანონიერი ქურდის“ სახელით პერიოდულად უკავშირდებოდნენ ბიზნესმენსა და მის ბიზნესპარტნიორს და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

„მამაკაცი შაჰ აბასსაც კი არ გაუუპატიურებია...“ – რატომ დატოვა საქართველო კაბუმ

ამ მიზნით მიმდინარე წლის 18 ნოემბერს მოაწყვეს ქურდული გარჩევა, რა დროსაც აღნიშნული ბიზნესმენები საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. გეგეჭკორმა ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 - 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, მან კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო მასსა და კიდევ ორი პირს შორის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა - 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის მათ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.