გახარია: დღეს საქონლის გამოწერა სხვა კონტინენტიდან უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელი ქუჩიდან

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი პოსტპანდემიურ სიტუაციაში სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნებაა.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო ნივთი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში ახალი საწარმოს გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ქართლი ტექსტილი“ – რუსთავს ახალი ფაბრიკა ექნება

რუსთავში დღეს კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმოს „ქართლი ტექსტილის" გახსნის ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქართულ ბიზნესს, ინვესტორებს, რომ გადაეწყონ პოსტკოვიდურ სიტუაციაზე და ყველაზე მთავარ ამოცანად თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება დაისახონ.

„მინდა მოვუწოდო ბიზნესს, ინვესტორებს, უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში სხვა კონტინენტიდან გამოწერა ნებისმიერი საქონლის უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შენაძენი ნივთი“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას განცხადებით, როგორც ბიზნესმა, ისე მთავრობამ უნდა იზრუნოს სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

გახარია: თუ ბევრი მოქალაქე ატარებს პირბადეს, უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ

„ყველაზე მთავარი ამოცანა თითოეული ჩვენგანის უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს, როგორც ეპიდემიას, პანდემიას, ასევე ეკონომიკურს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რუსთავში კომპანია „აჭარა ტექსტილის“ შენობა რეკორდულ ვადებში – ოთხ თვეში აშენდა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. რუსთავსა და გარდაბანში საწარმო 4 ათას სამუშაო ადგილს შექმნის.