ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

მისი ოჯახის ისტორია ჭიათურაში დაიწყო. ოჯახის მამა, მიხეილ ჩახუნაშვილი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანი იყო. ეს ნიჭი მის ექვს შვილზე თანაბრად გადანაწილდა. შვილები ხუმრობით დანომრილი ჰყავდა და ამიტომაც დები ერთმანეთს ახლაც, მამის მსგავსად, ასე ახსენებენ ხოლმე...
Sputnik

ეს მასალა მეექვსზე დაზე, ანუ დეა ჩახუნაშვილზეა. ბავშვობაში ისიც მამის გვერდით იდგა და ხატავდა. მას შემდეგ 34 წელი გავიდა, ცხოვრებისეული პერიპეტიები გამოიარა და ფარმაცევტის პროფესიას დაეუფლა. დღეს PSP-ს ფარმაცევტულ ქარხანა GMP-ში მუშაობს, მაგრამ მასთან ფარმაკოლოგიის თემაზე საუბარს სულაც არ ვაპირებთ. ეს მასალა წლების წინ მიძინებული გენების გაცოცხლებაზეა...

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- ქალბატონო დეა, თქვენი ცხოვრება საინტერესო, მოულოდნელი ზიგზაგებით წარიმართა, თავდაპირველად იყო მათემატიკით გატაცებული გოგო, მერე რა მოხდა?

- ჩვენ ექვსი დანი ვართ, მე მეექვსე, ნაბოლარა ვარ. კომაროვში უფრო ჩემი წინა დის გამო გადავწყვიტე გადასვლა, ვიდრე მათემატიკის სიყვარულით. მათემატიკა მერე შემიყვარდა, როდესაც კომაროვში დავიწყე სწავლა. მას მერე ვთვლი, რომ სწორედ მათემატიკაა მეცნიერებათა დედოფალი. ჩემი მეხუთე დაც კომაროველია, მაგრამ პროფესიით ექიმი გახლავთ (ექოსკოპისტი). ახლა მენატრება კომაროვი და ის დრო, რაც მის კედლებში გავატარე, მით უმეტეს, რომ იქვე ვცხოვრობდი, სკოლის ინტერნატში. რაიონიდან ჩამოსული ბავშვებისთვის სკოლის უკან დღესაცაა ინტერნატის შენობა.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- კომაროვის შემდეგ მათემატიკასავით ზუსტი, მაგრამ ამჯერად სამედიცინო სფერო აირჩიეთ...

- სამედიცინო სფეროს არჩევაც ჩემი დის, მაგრამ ამჯერად ნომერ მესამის დამსახურება იყო. მამა ძალიან ხუმარა კაცი იყო და ზოგჯერ ნუმერაციას იყენებდა ხოლმე შვილების “აღსაღრიცხად". მესამე და სამხედრო ექიმია, ავიაციიის სამხედრო ბაზის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობს. სულით და გულით ექიმია, დებში გამორჩეული, კეთილშობილი ადამიანი...

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- ასპირანტი გახდით ონკოლოგიის განხრით, ამ ფაქტს რაიმე წინაპირობა ახლდა?

- ონკოლოგია... ეს გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში დატრიალებულმა ტრაგედიამ მიმაღებინა. 24 წლის ვიყავი, როდესაც მეუღლე გარდამეცვალა ონკოდაავადებით. დავრჩი მარტო შვილთან ერთად. ვცდილობდი მომეძებნა პროფესიული გზა და სწორედ მაშინ ონკოლოგიამ გამიტაცა, რაც იმ დროისთვის გასაკვირიც არ იყო, ისეთი სირთულეები მქონდა გამოვლილი. ფარმაციაში გადანაცვლება ისევ და ისევ შემდგომმა ჩემმა ცხოვრებამ განაპირობა. გეტყვით, რომ ეს მატერიალური საჭიროებით მიღებული გადაწყვეტილება იყო ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდებაო და თქვენ მაგალითზე თუ დადასტურდა ეს?

- ჩემი ცხოვრების ვრცლად მოყოლას თუ დავიწყებ, საერთოდ უსასრულობაში გადავალ. მეუღლის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა და ერთხელ სრულიად შემთხვევით გზაში შემხვდა ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისი გაცნობიდან ზუსტად ერთ თვეში მეორე ოჯახი შევქმენი. მასთან უკვე 17-წლიანი ოჯახი და ორი შვილი მყავს. ოჯახი მყავს ისეთი, რომლისთვისაც შესაძლებელს და შეუძლებელს, ყველაფერს გავაკეთებ.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- მოგვიყევთ მამაზე, რომელიც საკუთარ თავს ფიროსმანს უწოდებდა...

- ოო, მამაზე ასე მარტივად ვერაფერს გეტყვით. ეს იყო ადამიანი–კოლორიტი! თუ ვინმეს იცნობთ ჭიათურაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ჰკითხეთ, რა პიროვნება იყო მიხეილ ჩახუნაშვილი. კაცი – უბოროტო და უპატიოსნესი, უბრალოებისა და ნიჭიერების განსახიერება, რომელიც ყველას უყვარდა. მხატვრობის გარდა მართლაც იმდენი ნიჭი ჰქონდა, რომ ჩამოთვლა გამიჭირდება. თავისი უბრალოებით სწორედ ფიროსმანს ჰგავდა. ლექსიც დაწერა ასეთი: „მე ფიროსმანის ცხოვრებით ვცხოვრობ, ფიროსმანივით მე ვერ დავხატავ“. მამაზე წიგნის გამოცემასაც ვფიქრობთ დები მისივე ლექსების კრებულით.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- ერთ მშვენიერ დღეს თქვენში „გაიღვიძა“ პატარა გოგომ, რომელიც მამის გვერდით იდგა და ხატავდა...

- იმ პატარა გოგოს ჩემში არც დაუძინია, ახლაც სულ პატარა ვარ, საერთოდ არაფერი შეცვლილა. თუმცა ვერასოდეს მოვახერხე, რომ იმ გოგოს რეალიზებაში დავხმარებოდი. რთული ცხოვრების განვლილმა გზებმა დამაკომპლექსა და მეგონა, რომ ვერაფერს შევძლებდი, მათ შორის ხატვასაც. აქ უკვე პირველმა ნომერმა შთამაგონა და მითხრა: „შენ აუცილებლად ისევ უნდა ხატო!“ მეც დავუჯერე და ერთ მშვენიერ დღეს დავხატე... ციყვი. რატომ? იმიტომ, რომ ვინც ყველაზე მეტად მიყვარს, მან 17 წლის წინ სწორედ ციყვს მიმამსგავსა.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- უფროსმა დამაც მოულონელად დაიწყო ხატვა...

- დიახ, ნომერ პირველმა დიდ ასაკში, 53-ის შემდეგ უცებ დაიწყო ხატვა. ის იმდენად არაორდინარული და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია, რომ მისგან არც ხატვა გამკვირვებია. ნინოზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მას უბრალოდ უნდა იცნობდეთ.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- თქვენ ფანქარს დაუმეგობრდით და ხატავთ ყველაფერს, რასაც განიცდით...

- დიახ, გრაფიკა უფრო ჩემია, თუმცა ფერწერაც ძალიან მიზიდავს. სამწუხაროდ, არ მაქვს შესაბამისი აღჭურვილობა, რომ მთლიანად ისე დავხატო, როგორც მსურს და შემიძლია, მაგრამ ეს მაინც ვერ მაჩერებს. თემატიკა უფრო ჩემი ყოველდღიური ფიქრებიდან მოდის.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- სამედიცინო ენით როგორ ხსნით ამ „მოვლენას“?

- სამედიცინო ენით ხატვის სურვილს დავარქმევდი ფსიქო-ვარჯიშს ან ფსიქო-წვრთვნას. დიახ, ხატვა ფსიქოლოგიური დატვირთვის საშუალებაა, რომლის მიღმა ძალიან ბევრი და განსხვავებული მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე ასე ვგრძნობ. ზეპირად რამის დახატვა ალბათ არ გამომივა. ნახატზე ცხოვრებისა და ურთიერთობების დროს განცდილი და ნაფიქრი გადმომაქვს.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- სიბერეც გაქვთ დახატული, ანუ გიფიქრიათ ამაზე?

- კი, ხშირად ვფიქრობ სიბერეზე, ანუ იმ მდგომარეობაზე, რაც ჯერ არ გამივლია. მაინტერესებს, როგორია და რას განიცდის ადამიანი ამ დროს. სიბერე ცხოვრების სირთულეებზე გამარჯვებაა. ვინაიდან ფაქტია, თუ სიბერემდე მიხვედი, ე.ი. იბრძოლე, მოგეცა ამის საშუალება, ცოცხლად იარე და გაიმარჯვე! ეს არ არის მარტო იმ ადამიანის გამარჯვება, ვინც სიბერემდე უდრტვინველად მივიდა. მე მგონია, რომ ეს ღმერთის ხელით მოხდება და იმ ხალხის დახმარებით, ვინც გვერდში გვიდგას.

ჭიათურელი „ფიროსმანი“, N6-ის ცხოვრების ამბავი და 34 წლის მერე დახატული ციყვი

- და, მაინც, რატომ ხატავთ?

- შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ვხატავ მხოლოდ იმიტომ, რომ მიყვარს. მიყვარს-ში იგულისხმება პირველ რიგში ჩემი ოჯახი, შემდეგ ჩემ ირგვლივ მყოფი ყველა ძვირფასი ადამიანი, რომელთა გარეშე მე ვერ ვიქნებოდი მე...