საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტულია საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის როლი.
Sputnik

 

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik.  საქართველოს პარლამენტმა  „საგარეო პოლიტიკის შესახებ“  რეზოლუცია დაამტკიცა და  მთავარ მიზნად ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაასახელა.

რეზოლუციას 81–მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. 

გახარია: აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავისი თავი არ ამოუწურავს

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებად დასახელებული არიან აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, განსაკუთრებით ხაზგასმულია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა. საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის განსაკუთრებით გამოყოფილია გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სუამი. 

რეზოლუციაში აღნიშნულია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.

 „საქართველოსთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობა  და სომხეთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ პრიორიტეტულია საქართველოს, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის როლი. 

„გამოვიყენოთ პანდემია“ – რაზე ესაუბრა გახარია ქართველ ელჩებს

 „საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განაგრძობს მდგრადი განვითარების გეგმების შესრულება და გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

რაც შეეხება რუსეთს, რეზოლუციაში იგი დასახელებულია ქვეყნად,  რომლიდანაც  მომდინარეობს  „კონვენციური  და ჰიბრიდული საფრთხეები“. ამასთან აღნიშნულია, რომ „საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, სახელმწიფო ინტერესებზე და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებზე დაყრდნობით“.

ამ პოლიტიკის მიზნად დასახელებულია  ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა, ასევე რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება.