გაბუნია: უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის

საქართველო  ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის. სანამ იმუნური ფენა ჩამოყალიბდება, მოგვიწევს ცხოვრება ინდივიდუალური დაცვის პირობებში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას: სერგეენკოს განმარტება>>

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 2021 წელი იქნება პანდემიის დასასრულის დასაწყისი.

„ყველა ველოდებით ვაქცინაციის დაწყებას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის. გარკვეული პერიოდი, ვიდრე ჩამოყალიბდება იმუნური ფენა, მოგვიწევს გავაგრძელოთ ცხოვრება ფრთხილი ინდივიდუალური დაცვის პირობებში, სოციალური და ბიზნეს აქტივობის კონტროლის პირობებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, ვაქცინა არ იქნება პანდემიის დაუყოვნებლივი დასასრული, მით უფრო, რომ გაჩნდა ახალი შტამები. ამიტომ მინისტრის მოადგილე კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს – დაიცვან წესები, რეკომენდაციები, რაც პირბადის ტარებას, დისტანციისა და პირადი ჰიგიენის დაცვას გულისხმობს.

პაატა იმნაძე: მოსახლეობას კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა ეშინოდეს

ამასთან, გაბუნიამ ისაუბრა ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების რაოდენობის შესახებ. მისი ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ დადებითი პასუხების მაჩვენებელი იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნები აღინიშნება.

საქართველო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს. როგორც თამარ გაბუნიამ გასულ კვირაში განაცხადა, ქვეყანამ ვაქცინის მიღებამდე მოსამზადებელი პერიოდი და შესაბამისი ეტაპები უნდა გაიაროს.

მოსალოდნელია, რომ პირველ რიგში ვაქცინაციას დაექვემდებარებიან რისკ-ჯგუფში შემავალი პირები – ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ასევე სამედიცინო პერსონალი.

საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის სპეცკომისია იქმნება>>

საქართველოში ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.881-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 218.724-ს მიაღწია.