„112“-ის დირექტორი: დღიური მომართვიანობა დაახლოებით 31%-ით არის შემცირებული

პანდემიის პირობებში, წინა წელთან შედარებით, „112“-ში მიმართვიანობა დაახლოებით 80 პროცენტით არის გაზრდილი.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. პანდემიის პირობებში „112“-ზე მომართვიანობის კლების ტენდენციაა როგორც სასწრაფო სამედიცინო ხასიათის გამოძახებებზე, ასევე კოვიდ-კონსულტაციებთან დაკავშირებით, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

არსოშვილის განმარტებით, „112“-ში ყველაზე დაბალი მიმართვიანობა 20 დეკემბერს დაფიქსირდა – დაახლოებით 10 ათასი ზარი, მაშინ, როდესაც ცოტა ხნის წინ დღეში 30 ათასამდე ზარი შედიოდა.

ტიკარაძე: სასწრაფო დახმარების გამოძახებებზე მოლოდინის დრო ერთი საათით შემცირდა

„ამ ფაქტორმა გამოიწვია გარკვეული დაყოვნება „112“-თან დაკავშირების თვალსაზრისით, რისთვისაც თითოეულ მოქალაქეს მინდა ბოდიში მოვუხადო“, – განაცხადა არსოშვილმა.

„112“-ის დირექტორის განმარტებით, მოლოდინის რეჟიმის შესამცირებლად ყველაფერი გაკეთდა. კერძოდ, გაიხსნა დამატებითი, ალტერნატიული ცენტრი, ყველა თანამშრომელი გადავიდა ცვლებში, დაემატა დაახლოებით 200 ოპერატორი, ასევე გაძლიერდა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სატელეფონო ზარების რაციონალური გამოყენების მიზნით „112“ დაიყო სამ არხად: „112“, „112-1“ და „112-2“.

„მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად პანდემიური ფონისა და მაღალი მომართვიანობისა, „112“-ში არამიზნობრივი ზარები არ შემცირებულა და ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ის დაახლოებით 30%-ია“, – განაცხადა არსოშვილმა.

ჰანს კლუგე: ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა 112-ში ნანახმა

მან მოქალაქეებს მოუწოდა, „112“-ით ისარგებლონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დახმარება ესაჭიროებათ.

კორონავირუსის მართვის პროცესში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს ახალი ფუნქცია დაემატა. კერძოდ, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში შეუძლია დარეკოს „112“-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები, ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.