„გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმროთ“ – „სითი მოლი“ მოსახლეობას მიმართავს

დილის შვიდი საათიდან სავაჭრო ობიექტებთან ერთად შრომის ინსპექციაც შეუდგა მუშაობას. მათ უფლება აქვთ კომპანიებს საქმიანობა შეუჩერონ, თუ ხელმძღვანელობა მთავრობის მიერ დადგენილ წესებს არ ასრულებს.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოლებს არ ესტუმრონ, განაცხადა „სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სავაჭრო ცენტრები ყველა წესს იცავენ – შრომის ინსპექცია

სავაჭრო ობიექტებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საკოორდინაციო საბჭომ მუშაობის განახლების უფლება მისცა. სავაჭრო ობიექტების გახსნის გამო დილიდან თბილისის ქუჩებში „საცობებია“, სავაჭრო ცენტრებში კი ხალხმრავლობაა. მკაცრად კონტროლდება კლიენტების ნაკადი – 20 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია ერთი მყიდველი.

სოფო ელოშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები მთავრობის დადგენილ ყველა რეგულაციას იცავენ.

„ჩვენი გუნდით სრულად მობილიზებული ვართ, რათა ყველანაირად გავაკონტროლოთ და დავიცვათ მთავრობის მიერ დადგენილი ყველა რეგულაცია. მინდა ვთხოვო ჩვენს მომხმარებელს, თუ არ არის გადაუდებელი აუცილებლობა, თავი შეიკავონ მოლებში მისვლისგან“, – განაცხადა სოფო ელოშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „სითი მოლის“ მომხმარებელს კორონავირუსის სიმპტომებს შეუმოწმებს და რეკომენდაციებს გააცნობს ორი რობოტი „პეპერი“.

თბილისი პარალიზებულია – გაიხსნა დიდი სავაჭრო ცენტრები

მეტი უსაფრთხოებისთვის დილის შვიდი საათიდან, სავაჭრო ობიექტებთან ერთად, შრომის ინსპექციაც შეუდგა მუშაობას. ობიექტების მონიტორინგში მათთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ფინანსური პოლიცია, შემოსავლების სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეიცვალა სავაჭრო ცენტრების მუშაობის გრაფიკიც – ის 07:00-დან 19:00 საათამდე განისაზღვრა. ცენტრების ტერიტორიაზე არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები და გასახდელები.