თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეები არაგადამდები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტებში მათი შემოსავლების 25 პროცენტზე მეტს ხარჯავენ, რაც კატასტროფული დანახარჯების ნიშნულს სცდება, აცხადებს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრი დავით სერგეენკო.
მისი თქმით, მედიკამენტების მაღალი ფასის პრობლემის მოსაგვარებლად პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„დღეს მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, თუმცა პანდემიის პირობებშიც კი, არაგადამდები დაავადებები რჩება ნომერ პირველ მკვლელად, ჩვენ შემთხვევაში... საკუთრივ ჯანდაცვის სისტემის განვითარება, მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის განვითარებაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს კატასტროფული დანახარჯები შემცირდეს. პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა ამ საკითხის მნიშვნელობას ჯერადობით ზრდის და როგორც ფინანსურ, ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ წონას სძენს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორ შეიძლება წამლებზე ფასების ზრდის თავიდან აცილება - „ქართული დასის“ ინიციატივა >>
ბოლო წლების განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაა დასახელებული. სხვადასხვა კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე დანახარჯის წილი „ჯიბიდან გადახდებში“ ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს.