თბილისის მერიამ ბიზნეს–სექტორის დასახმარებლად ეკონომიკური პაკეტი შეიმუშავა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დეკემბერი–იანვარში მუნიციპალიტეტის მოიჯარეები იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიამ პანდემიიდან გამომდინარე მოქმედი შეზღუდვების პერიოდში ბიზნეს–სექტორის დახმარების მიზნით ეკონომიკური პაკეტი მოამზადა.

როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული პაკეტის მომზადება ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაევალა.

„პანდემიის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი რთულ პერიოდს გადის. პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში ჩვენ მეწარმეების დახმარების რიგი პაკეტი შევიმუშავეთ. წინა სხდომაზე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ბიზნეს–სექტორის დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაევალა“, – განაცხადა კალაძემ. 

კახა კალაძე: M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები გრიპის ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებენ

თბილისის მერის თქმით, შეღავათი პირველ რიგში შეეხება მუნიციპალტიტეტის მოიჯარეებს, ესენი არიან ეკონომიკური სუბიექტები, რომლებსაც მერიისგან ან მერიის საკუთრებაში არსებული საწარმოებისგან იჯარით აქვთ აღებული ფართები, სხვადასხვა სახის უძრავი ქონება და სამეწარმეო საქმიანობას მისი მეშვეობით ახორციელებენ.

„ვინაიდან პანდემიის გამო შეზღუდვები დეკემბერი-იანვარში მოქმედებს, ამ სუბიექტებს იჯარის გადასახადი ამ თვეებში მოეხსნებათ. ამასთან, თუ მუნიციპალიტეტის ქონება ქვეიჯარით არის გაცემული, ზემოაღნიშნული შეღავათები გავრცელდება ქვემოიჯარეებზეც“, – განმარტა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათები კვების ობიექტებსაც შეეხება, მათთვის დასუფთავების მოსაკრებელი რვაჯერ შემცირდება და საკონდიტრო საწარმოებისთვის დაწესებულ მოსაკრებელს გაუთანაბრდება.