ოპოზიციურ პარტიებს მომდევნო ექვსი თვე საბიუჯეტო დაფინანსება არ შეუწყდება

საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, პარლამენტში გასული რვიდან ექვსი ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს სადეპუტატო მანდატებზე.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლებმა დაწერეს განაცხადი მანდატების შეჩერებაზე, დაფინანსება ჯერ არ შეუწყდებათ, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარტიების დაფინანსების წესების შესახებ კანონპროექტის წარდგენისას.

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის>>

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს დღეს დაჩქარებული წესით პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატებს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

გახარია: პარლამენტს ოპოზიციის გარეშე მუშაობა გაუჭირდება

შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

როგორ ოხანაშვილმა აღნიშნა, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც ცესკოში განაცხადი შეიტანა და დაფინანსება მოიპოვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. წარმოდგენილი კანონპროექტით კი გათვალისწინებული არ არის დეკემბერში და მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.

„ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს, კიდევ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას მიიღებენ. ჩვენ ამ დაფინანსებას არავის ვუწყვეტთ“, – განმარტა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი უნდა რეგულირდებოდეს დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად და ინიცირებული ცვლილებები სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

„თუ პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, უგულებელყოფს დემოკრატიის პრინციპებს, საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრინციპებს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში პარტიის დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

1. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 5,14 მილიონი ლარი;

2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2,2 მლნ ლარი;

3. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 ათასი ლარი;

4. „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 ათასი ლარი;

5. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ − 204 ათასი ლარი;

6. „ევროპელი დემოკრატები“ – 460 ათასი ლარი;

7. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 940 ათასი  ლარი;

8. „კანონი და სამართალი“ – 104 ათასი ლარი;

9. „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 1,24 მლნ ლარი;

10. „ლელო საქართველოსთვის“ – 804 ათასი ლარი;

11. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1,04 მლნ ლარი;

12. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 290 ათასი ლარი.

ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელიც მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს

სახელმწიფო დაფინანსების გარეშე მანამდე დარჩა პარლამენტში გასული ორი პარტია – „გირჩი“ და „მოქალაქეები“. მათ პროტესტის ნიშნად არ მიმართეს ცესკოს სახელმწიფო დაფინანსების მიღების თაობაზე, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებულად მიიჩნევენ.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. არჩევნების შედეგებით „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა. ამით უკმაყოფილო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. პარლამენტში გასული რვიდან ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე განაცხადა უარი სადეპუტატო მანდატებზე.  

ოპოზიციის წარმომადგენელთა სავარძლები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღემდე ცარიელია.