ეს ცილისწამებაა – ყავა გულს არ ვნებს: ექიმი მითებს ამსხვრევს

კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა არის სამკურნალო და სასარგებლო სასმელი და ის ხელს უშლის არაერთი სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში დაავადების განვითარებას.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. სინამდვილეში ყავა არ აყენებს ორგანიზმს იმ ზიანს, რასაც მიაწერენ, აცხადებს რუსეთში ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ალექსანდრ მიასნიკოვი.

მან უარყო გავრცელებული მითები ყავის შესახებ და ამ სასმელის სარგებელზე ისაუბრა.

„სინამდვილეში ეს ყველაფერი ინსინუაციაა, ცილისწამება, რომ ის საზიანოა, იწვევს ჰიპერტენზიას, არითმიას, აზიანებს გულს“, — თქვა ექიმმა.

მისი თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ყავა არის სამკურნალო და სასარგებლო სასმელი, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის კიბოს განვითარებას, გულით ავადმყოფებში კი ამცირებს ინფარქტების რაოდენობას.

სიცოცხლის ხანგრძლივობა ყავის მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული: ოცწლიანი კვლევის შედეგი

გარდა ამისა, ექიმი ხაზს უსვამს, რომ ყავა არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე და ასევე არ იწვევს მოციმციმე არითმიას, თუ ის ადამიანისთვის ჩვეული სასმელია.  

სპეციალისტმა განმარტა, რომ არითმიის დროს გულის რიტმი და შეკუმშვათა სიხშირე ირღვევა. როდესაც კუნთი არათანაბრად იკუმშება, ვითარდება წინაგულის ფიბრილაცია, სისხლი ჩერდება და ბოლომდე არ გადაიქაჩება, რაც თრომბების წარმოქმნას იწვევს. და მიუხედავად იმისა, რომ ყავა არითმიის საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს, ის ვერ აღმოფხვრის თრომბოზსა და ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ამიტომ აუცილებელია სისხლის გამათხებელი პრეპარატების მიღება.

„მაგრამ ყავა, მით უმეტეს, თუ გიყვართ, დალიეთ, შეგერგოთ — არითმიის საწინააღმდეგოდ ის მხოლოდ კარგია“, — გვირჩევს სპეციალისტი.

მანამდე ნუტრიციოლოგმა კლაუდია ბრასესკომ განმარტა, რომ ყავის ზომიერი მოხმარება დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. კერძოდ, ეს სასმელი აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ჰიპერტენზიის მიმართ დამცავ ეფექტს, ამცირებს ღვიძლის ციროზისა და ზოგი ონკოლოგიური დაავადების, მაგალითად, ღვიძლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.