საქართველო დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს

ევროპის ჩემპიონატის ფინალში 25 ქვეყნის მრბოლელები ავტოსპორტში ყველაზე მძლავრი ავტომობილებით იასპარეზებენ.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. დრიფტში ევროპის ჩემპიონატის ფინალი 2021 წლის 4–5 სექტემბერს თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება, იუწყება საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.

დრიფტში ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის ჩატარება თბილისში საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციასა და Drift Masters European Championship-ს შორის შეთანხმების წყალობით გახდა შესაძლებელი.

დრიფტის ფინალური ეტაპი მახათას მთაზე გაიმართება

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ინტერესი თბილისის მიმართ ძველი თბილისის უნიკალურმა და წარმოუდგენლად მიმზიდველმა ლოკაციამ გამოიწვია.

საქართველოში 25 ქვეყნის ავტომრბოლელები ჩამოვლენ, ჩვენს ქვეყანას კი ორი მრბოლელი წარმოადგენს. შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონი ნოდარ კოდუა და ვიცე-ჩემპიონი მევლუდ მელაძე მიიღებენ.

ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენები ავტოსპორტში არსებული ყველაზე მძლავრი ავტომობილებით გამოვლენ, რომელთა საშუალო სიმძლავრე 1.000 ცხენის ძალაა.

ღონისძიებას საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია თბილისის მერიისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარებს.