მოსკოვში გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

გიორგი ქავთარაძის შესანიშნავი როლები სამუდამოდ აღიბეჭდება არა მხოლოდ ქართველი, არამედ რუსი მაყურებლების მეხსიერებაშიც, აღნიშნეს მოსკოვში.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. გამოჩენილი ქართველი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარემ ნიკიტა მიხალკოვმა და მსახიობთა გილდიის პრეზიდენტმა სერგეი ნიკონენკომ.

მსახიობი 20 დეკემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მახათას მთაზე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალეს.

რუსი ხელოვანების წერილს თბილისის საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი Русский клуб აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გოგი ქავთარაძის ბრწყინვალე როლები სამუდამოდ დარჩება ქართველი და რუსი მაყურებლის მეხსიერებაში.

მისი გმირები უყვარდათ – სამძიმარი გოგი ქავთარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

„მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია მრავალფეროვანი და მდიდარი იყო. ესაა ბრწყინვალე რეჟისორული ნამუშევრები საქართველოს წამყვან თეატრებში. კოლეგები აფასებენ მისი სამსახიობო ოსტატობის უსაზღვრო გამოცდილებას... ბედნიერებაა, რომ მან მოასწრო და თავისი ნიჭი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებს გაუზიარა. ბევრმა მსახიობმა, მსახიობთა გილდიის წევრმა გიორგი ქავთარაძის სახით ნამდვილი და ერთგული მეგობარი დაკარგა“, – ნათქვამია წერილში.

სამძიმარი გამოთქვეს ასევე ქავთარაძის სხვა რუსმა კოლეგებმა, როგორებიც არიან გალინა დანელია, სტანისლავ ლიუბშინი, დმიტრი ხარატიანი, ვალენტინა ტიტოვა, ოლგა მაშნაია და ვიაჩესლავ შმიროვი.

„გვინდა გავიზიაროთ ის სიმწარე, რაც შესანიშნავი მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის წასვლამ გამოიწვია. გვქონდა დიდი ბედნიერება, შარშან მას თბილისში, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის კედლებში შევხვედროდით... დიდი სამსახიობო ნიჭი, ბუნებრივი მომხიბვლელობა, ნატიფი და კეთილი იუმორი თეატრისა და კინოს მრავალი წლის სამსახურის დროს არა მარტო საქართველოს, არამედ რუსეთის მონაპოვარიცაა“, – ნათქვამია გოგი ქავთარაძის რუსი კოლეგების მიმართვაში.

გოგი ქავთარაძემ ბრწყინვალედ შეასრულა უამრავი როლი მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების სცენაზე. იყო ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, ქუთაისის და სოხუმის თეატრების დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

„ეპოქაც გაიყოლა...“: გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი გოგი ქავთარაძე

გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის და მრავალი სპექტაკლის რეჟისორი. არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

მაყურებელს დაამახსოვრა თავი ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „არ დაიდარდო“, „მაცი ხვიტია“, „ჩარი რამა“ „ვერის უბნის მელოდიები“, „ბაკულას ღორები“ და სხვ.