ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფაა.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ ნიშნულზე, განაცხადა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განმარტებით, აქტიურად სრულდება სამწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებით განსაზღვრული ამოცანები.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სტაბილური საბრძოლო მზადყოფნის და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დღეს პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უწყების მიერ შემუშავებული ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება არსებული გეოპოლიტიკური გარემოს ანალიზს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს – ნატოში საბოლოო გაწევრიანების მიზნით თავსებადობის გაზრდა და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ჩვენი სამხედროებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გამოვიყენოთ პანდემია“ – რაზე ესაუბრა გახარია ქართველ ელჩებს

მან განსაკუთრებული ადგილი დაუთმო საერთაშორისო წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის საკითხებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის ძალების აღმშენებლობის გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო, საავიაციო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მომდევნო წელს იგეგმება ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო (ე.წ. კამიკაძე) საფრენი აპარატების შეძენა. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფები კი თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით აღიჭურვება. 2021 წელს ასევე დასრულდება ჯარის აღჭურვა ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით.

„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

საქართველოს ეროვნული გვარდია 30 წლის იუბილეს აღნიშნავს – ვიდეო

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2018 წელს წარმატებით განხორციელდა ფრანგული პროექტის პირველი ფაზა და 2021 წელს მეორე ფაზა დასრულდება. ებრაელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა „რაფაელის“ განახლება და მოდერნიზაცია მოხდება. ასევე დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვა. მომავალ წელს სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინის“ დამატებითი პარტიის შეძენაც.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით ყურადღება გამახვილდება ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი საშუალებების გაძლიერება. მისივე განმარტებით, ეროვნული სამხედრო ინდუსტრიის განვითარება მომდევნო წლებშიც პრიორიტეტული იქნება.

მიმოხილვა: რას უპირისპირებს რუსეთი ნატოს შავ ზღვაში >>

გარდა ამისა, ღარიბაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედროების სახელფასო, კვებითი და სამედიცინო პირობების გაუმჯობესების, საბინაო და განათლების შესაძლებლობების განვითარების, ასევე ჯარის თანამედროვე უნიფორმითა და ფეხსაცმლით უზრუნველყოფის კუთხით.

დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის პოლიტიკისა და გეგმების იმპლემენტაციის შედეგად ჯარის ბრძოლისუნარიანობა და თავდაცვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.