ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კილომეტრამდე სიგრძის გზა საჩხერიდან იწყება, შვიდ სოფელს გაივლის და ამბროლაური–ონის გზას შეუერთდება.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. ზემო იმერეთი და რაჭა 2021 წელს ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ერთმანეთს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

ამჟამინდელი საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო (სიგრძე 111 კმ) დაახლოებით 2 საათია, ხოლო ზემო იმერეთსა და რაჭას შორის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე–ონის მარშრუტის ხანგრძლივობა სულ მცირე 1 საათით შემცირდება. ასევე თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად მგზავრობის დრო 4,5 საათი იქნება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა–რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. კერძოდ, გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, შქმერს, ბოყვას, კვაშხიეთსა და ზუდალს. საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას, რომელიც ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის ფარგლებში კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ასიგნებები ერთი მესამედით გაიზრდება

პროექტი შვიდ მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები 4 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს, გზის პირველ და მეორე ლოტებზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე დაგებულია 10 კილომეტრამდე გზა. დარჩენილ მე-7 ლოტზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილია 2021 წლისთვის.

„ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 მლნ ლარს შეადგენს და მისი დასრულება ეტაპობრივად 2020-2021 წლებში არის დაგეგმილი.