თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანის საქმეზე ძებნილი ბადრი ესებუას დაკავება ღირსების საკითხია და მას აუცილებლად დააკავებენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.
სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ნიღბიანი ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ბადრი ესებუა, 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. მძევლების სიცოცხლეს საფრთხე რომ არ შექმნოდა, მისი ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ. პირველ რიგში, ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ. მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოში არიან 20 წლის ძებნილები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ. არის 16 წლის ძებნილი, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული.
„ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ვერ დააკავეთო ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა“, - განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, ესებუა „საქართველოს ბანკიდან“ იმიტომ გაუშვეს, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულიყო.
„რაც შეეხება დაკავებას, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება“, - აღნიშნა გომელაურმა.
ძებნილი ბადრი ესებუას ძმა პოლიციის თანამშრომლებმა გასულ კვირაში დააკავეს. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა. პოლიცია არ მალავს, რომ ბიძინა ესებუას მისი ძებნილი ძმის კვალზე გასვლის იმედით უთვალთვალებდა.
ბიძინა ესებუას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ჩვენება მისცა და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის ირწმუნება, რომ იარაღი და საბრძოლო მასალა მას „ჩაუდეს“.