თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანეთში გამოვლენილი COVID-19-ის ახალი მუტაცია არსებითად ვერ შეცვლიდა ვირუსის თვისებებს, შესაბამისად, ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების არაეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია, მიაჩნია იერუსალიმის კლინიკა Hadassah Medical-ის პროფესორს იაკობ ბერკუნს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კორონავირუსის ახალი ვარიანტის მიმართ არსებული ვაქცინები არაეფექტური იქნება, დღევანდელი ტექნოლოგიების მეშვეობით ისინი სწრაფად დაიხვეწება და მოერგება ახალ შტამს.
„ჯერჯერობით საკმარისი სამეცნიერო ინფორმაცია არ არსებობს. რაც გვესმის, ეს მხოლოდ მასმედიით გავრცელებული ინფორმაციაა. აქამდე უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის და ეს ბუნებრივი პროცესია. საკითხავი ისაა, რამდენად სერიოზულია ეს ცვლილებები გენომში. ეს გამუდმებით ხდება... თითქმის ერთი წელია, ამ ვირუსთან ერთად ვცხოვრობთ, უკვე ალბათ ათასობით მუტაცია მოხდა და მათ ვირუსი მნიშვნელოვნად არ შეუცვლიათ“, — აცხადებს პროფესორი.
ბერკუნის აზრით, არც ამჟამინდელი მუტაცია არ იქნება მნიშვნელოვანი.
დეკემბრის პირველ დეკადაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. წინასწარი შეფასებებით, ახალი შტამი შეიძლება ჩვეულებრივზე 70%-ით უფრო გადამდები იყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.