რა შეცვალა განვლილმა არჩევნებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რისთვის ემზადება ოპოზიცია

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა, ასე თუ ისე, ჩაიარა. პარლამენტიც შეიკრიბა და ხუთშაბათს მთავრობის ძველ შემადგენლობას ისევ გამოუცხადებს ნდობას.
Sputnik

ეს არც არის გასაკვირი. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „ფონზე გასვლისას ცხენებს არ ცვლიან“ და მმართველ ძალას, რა თქმა უნდა, სუსხიანი და კოვიდიანი ზამთრის წინ უკვე გამოცდილ და შეკრულ გუნდთან ერთად ურჩევნია როგორც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან, ასევე კორონასთან გამკლავება. სწორედ მათ კარგ მენეჯმენტზეა დამოკიდებული დღეს სტაბილურობის შენარჩუნება.

გადამწყვეტი ბრძოლა პარლამენტისთვის...

როგორც ცნობილია, მთავრობის გუნდში ერთი ცვლილება განხორციელდება – იუსტიციის მინისტრად გამოცდილი იურისტი და დიპლომატი გოჩა ლორთქიფანიძეა წარდგენილი. თუმცა ეს ცვლილებაც დროებითია. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როცა ის გაზაფხულზე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ შეუდგება მუშაობას, მას გამოცდილი დეპუტატი და ასევე კარგი იურისტი გიორგი კახიანი შეცვლის. ის „ქართული ოცნების“ სიის მეშვიდე ნომერი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა.

ქართული მასმედია პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის მოწვევაზეც საუბრობს, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეობას კახი კალაძეს ან ირაკლი კობახიძეს დაუთმობს და სრულიად წავა პოლიტიკიდან. მაგრამ სანამ ან ერთი, ან მეორე მოვლენა ოფიციალურად არ გამოცხადდება და დადასტურდება, ყველაფერი მაინც სპეკულაციებია.

რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

პარლამენტის უფლებამოსილება კი ცნობილია, მაგრამ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაშიც. პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე დაწყებულმა ჭიდილმა ოპოზიცია გახლიჩა და ახლა მივიღეთ 10 მანდატზე უარის ჯერჯერობით არმთქმელი და განცხადებადაწერილი 50 დეპუტატი. შესაბამისად, გაიყო და გაიხლიჩა მათი ხმებიც.

რევოლუციაზე საუბარი დროდადრო კი გაკრთება ხოლმე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ჯერჯერობით არც ქართულ და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ უნახავს და იქნებ სწორედ ამიტომაც ხალხი რატომღაც მაინცდამაინც ვერ აღშფოთდა იმ არაორგანიზებულობის გამო, რომელიც თან ახლდა საარჩევნო პროცესს.

ამ ფონზე ოპოზიციის რადიკალური ფრთა ისევ ამტკიცებს, რომ გაზაფხულზე ხალხის ქუჩაში გამოსვლა და მშვიდობიანი რევოლუცია გარდაუვალია. თუმცა რეალურად პოლიტიკური პროცესისთვის, რა თქმა უნდა, ჯობს, რომ ისინი არა რევოლუციის, არამედ ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადონ სათანადოდ, დამკვირვებლებით, ტექნიკით და ა.შ.

მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

ისეთი პირი უჩანს, რომ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ რეალურად ჩამოყალიბდება ე.წ. მესამე ძალა, ანუ, ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“, მეორე მხრივ – ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, რომელიც საბოლოოდ, ალბათ, სააკაშვილისა და მისი მომხრეების გვერდით ჩამოყალიბდება და ე.წ. „მესამე გზა“, რომლის სათავეში „ლელო“, გიორგი მარგველაშვილი, ბოკერიას „ევროპელი დემოკრატები“ მოჩანან. დადასტურდა, რომ ისინი აქტიური კონსულტაციების რეჟიმში გადავიდნენ და, შესაძლოა, პარტიების შერწყმაზე თუ არა, ერთ ბლოკში შესვლაზე მიიღონ გადაწყვეტილება.

საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ მათი წონა ცალ-ცალკე არც ისე დიდია და დროა დათმონ გაბერილი ამბიციები და ცივილიზებული თანამშრომლობის ფორმებზე იფიქრონ. საამისო დრო კი ქვეყანას სწორედ ახლა აქვს.

 

რედაქცია შეაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას