„ნაცმოძრაობის“ დეპუტატებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარი ოფიციალურად განაცხადეს

ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ექვსი წარმომადგენლის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის საკითხს აჭარის საკანონმდებლო ორგანო ახალი წლის შემდეგ განიხილავს.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. შვიდიდან ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ მანდატებზე უარი ოფიციალურად თქვა.

სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის შესახებ შესაბამისი განცხადებები უკვე შესულია ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სახელზე.

აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენელი შედის

მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ბლოკიდან ირაკლი ჩავლეიშვილმა გადაწყვიტა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა და „რესპუბლიკური პარტიის“ დატოვება, რომელიც შედის ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ დაკმაყოფილდება, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა, ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. იმუშავებს თუ არა ოპოზიცია, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა“, – განაცხადა გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. არჩევნების შედეგებით მმართველ პარტიას 14 მანდატი შეხვდა, ხოლო ოპოზიციას – შვიდი.