COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის ახალი შტამი: ჯანმო ბრიტანეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებას აფასებს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის რუსეთმა.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა მსოფლიოს ქვეყნების გადაწყვეტილება, შეაჩერონ ავიამიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან, სადაც კორონავირუსის ახალი შტამია აღმოჩენილი.

„სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღება. ჯანმოს რეკომენდაციაა, გამოიყენონ ისეთი მიდგომა, რომელიც რისკების შეფასებაზე იქნება დაფუძნებული“, — განაცხადა ჯანმოს პრეს-მდივანმა.

ამასთან, მისი თქმით, მსოფლიოს ქვეყნებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმისთვის, რომ „ვირუსის გავრცელება შენელდეს და საბოლოოდ შეჩერდეს“.

ჯანმომ კორონავირუსის ახალი შტამი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აღმოაჩინა

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერა 20-ზე მეტმა ქვეყანამ — უპირატესად ევროპულმა სახელმწიფოებმა. მათ შორის არიან: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი და სხვ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთთან ცა დახურა რუსეთმაც.  

დეკემბრის პირველ დეკადაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი გამოავლინეს, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება. წინასწარი შეფასებებით, ახალი შტამი შეიძლება ჩვეულებრივზე 70%-ით უფრო გადამდები იყოს, თუმცა ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.