ე.წ. აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები დემონტაჟის ახალ ტალღას ელოდებიან

ადგილზე იმყოფებიან ბავშვთა უფლებადამცველებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დღეს უნდა მოხდეს იმ სახლის დემონტაჟი, სადაც არასრულწლოვანი შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები შეკრებას მართავენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

რამდენიმე დღის წინ ამ დასახლებაში მერიამ უკანონო მშენებლობების ნაწილის დემონტაჟი განახორციელა და გააფრთხილა ადგილობრივები, რომ არ დაუშვებს მიწის მიტაცებას და უკანონო მშენებლობას. აგრეთვე მერიაში განაცხადეს, რომ შენობებში, რომლებიც წინა კვირაში დაანგრიეს, არავინ არ ცხოვრობდა.

ე.წ. აფრიკის დასახლებაში დაკავებულ მამაკაცს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

ადგილობრივები დემონტაჟის ახალ ტალღას ელოდებიან, თუმცა მერიის გაფრთხილების შესრულებას არ გეგმავენ.

ადგილზე ბავშვთა უფლებადამცველებიც იმყოფებიან. მათი თქმით, მერია აპირებს იმ სახლის დემონტაჟი მოახდინონ, სადაც არასრულწლოვანი შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არც სასამართლომ მოახდინა, ამიტომ ისინი იძულებულები არიან ბავშვის უფლებები მასთან ერთად ყოფნით დაიცვან, რათა ვერ მოხდეს სახლის დემონტაჟი და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატონ.

ასევე ადგილობრივებს მხარს უჭერენ სამოქალაქო აქტივისტები, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „არ დავანგრევინებთ!“, სადაც დილიდან 18:00 საათამდე დაანონსებულია ღონისძიება ადგილობრივების მხარდასაჭერად.

15 დეკემბერს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული 16 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა. სახლების მეპატრონეებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, გზა გადაკეტეს და იქ მობილიზებულ მძიმე ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს. ინციდენტი ადგილობრივებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ადმინისტრაციული წესით დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ.