ჯანმოს რეგიონული დირექტორი: საქართველოში დადებითი დინამიკაა, თუმცა საჭიროა ზომების დაცვა

ჰანს კლუგე კმაყოფილია იმ ფაქტით, რომ საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში,  კოვიდვითარების მხრივ, დადებითი დინამიკაა, იმედი არსებობს, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ არ მივსულვართ,  საჭიროა ზომების დაცვა, განაცხადა  თბილისში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნში“ სტუმრობისას.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: მძიმე მდგომარეობაში პაციენტების თითქმის 4%-ია

დღეს ჰანს კლუგე კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნს“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად  სტუმრობდა.

ჯანმოს რეგიონული დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში ახალგაზრდების ჩართვა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადვოკატირებას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სამედიცინო სფეროში.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი ექიმი, მეტი მედდა და სამედიცინო მუშაკი“, - განაცხადა ჰანს კლუგემ.

კლუგეს განცხადებით, გვირაბის ბოლოს არის სინათლე, თუმცა, კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის მაინც საჭიროა მოსახლეობის აცრა.

„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-დან 10 წლამდე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთ წელზე ნაკლებ დროზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება“, - განაცხადა  კლუგემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ჰანს კლუგე ჩაინიშნავს ყველა საჭირო რეკომენდაციას და ისინი ვიზიტის ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

„როდესაც ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი მიმდინარეობს, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გავაცნოთ პარტნიორებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ჯერჯერობით ის სვამს დეტალურ კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესის მართვა, დაწყებული პირველი ჩივილის გამოვლენიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ლომჯარია: ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

როგორც გუშინ ჰანს კლუგემ განაცხადა, საქართველოში მის ვიზიტს სამი მიზანი აქვს: პირველი – საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გაცნობა, მეორე – ჯანდაცვის სისტემის შემდგომი რეფორმის საკითხზე ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმება და მესამე მიზანი – საქართველოში ჯანმოს ოფისის მუშაობის გააქტიურება.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჯანმოს დელეგაცია კოვიდ–სასტუმროებს, კოვიდ–კლინიკებს „112“-ის სამსახურს მოინახულებს და შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმოს ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული, ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.