თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. თბილისის „დინამომ“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბუდაპეშტში ქართულმა კლუბმა მონტენეგროს „იადრანი“ დაამარცხა ანგარიშით 11:8.
შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა იყო – პირველი მეოთხედი „დინამომ“ ანგარიშით 2:1 მოიგო, ხოლო მეორე მეოთხედში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმის ანგარიში 4:4 დააფიქსირა.
თამაშის მეორე ნახევარი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის მესამე მეოთხედში „დინამოელებმა“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში მოწინააღმდეგის 4 გოლს ქართველმა სპორტსმენებმა ასევე 4 გოლით უპასუხეს.
ქართველ წყალბურთელთა შორის ყველაზე შედეგიანი მარკო ელაჩი და ანდრია ბითაძე აღმოჩნდნენ, რომელთა ანგარიშზეც 3–3 გატანილი გოლია.
ახლა „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში 3 ქულა აქვს და „იადრანთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
ზუკა რურუას გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე 2021 წლის მარტში ჩაატარებს.
აღნიშნული ჯგუფის წინა შეხვედრები თბილისის „დინამომ“ ჯერ იტალიურ „ბრეშასთან“, შემდეგ კი ესპანურ „ბარსელონეტასთან“ დათმო.