თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში მცხოვრებ ექვსასზე მეტ ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, რომლებიც წლების განმავლობაში აქვთ დაკავებული, იუწყება მედია.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, საცხოვრებლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი უკვე დაწყებულია და მოსახლეობას ფართები ეტაპობრივად დაუკანონდება.
ამასთან დაკავშირებით დღეს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა იმ ადგილობრივებს შეხვდნენ, რომლებიც დაკავებული ფართების დაკანონებას უკვე მრავალი წელია, ცდილობენ.
„რუსთავის მერიასთან და შესაბამის სამინისტროებთან ერთად, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ გეგმას, რა ვადებში მოხდება სრულად რუსთავში არსებული ფართების დაკანონება. ჩვენ პარალელიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ არ მოხდეს ამით აღნიშნული საკითხის წახალისება და თავისუფალი ფართების ათვისება", —განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბინები დაუკანონდება ჭყონდიდელის დასახლებისა და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს.