პოლიტიკური ნოკდაუნი თუ... რას უმზადებს „ქართული ოცნება" მთავარ მოწინააღმდეგეს

„ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მიიღებს, ამის შანსი დიდია.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პარტია, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს ადამიანი, რომელიც კონსტიტუციის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. 

რას გულისხმობს საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტების პაკეტი

იმის შესახებ, რომ იგეგმება კანონის მიღება, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო, რომელიც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქე არ არის და საქართველოს ხელისუფლების მიერ „პერსონა ნონ გრატად“ არის გამოცხადებული, კობახიძემ არაერთხელ განაცხადა.

„პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისთვის, ამიტომაც კანონმდებლობაში ეს ხარვეზი გამოსწორდება. 

სააკაშვილი: ოპოზიცია მალე იჯდება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტში

„ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის მოქმედი საარჩევნო კოდექსით არის დადგენილი, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ინიცირებული კანონპროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად, დასძინა მან.

„ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელია. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ იგი კიევში ცხოვრობს და ამჟამად უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

სამშობლოში სააკაშვილს საერთო ჯამში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საქართველოს სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.