თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ამერიკული კომპანიების, Pfizer–ისა და Moderna–ს მიერ შექმნილი კოვიდ–ვაქცინებით აცრისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო კომპანიებს პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, იუწყება ტელეარხი CNBC.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ფარმაცევტული კომპანიებისა, პასუხისმგებლობისგან ასევე თავისუფლდება აშშ–ის კვების პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობის სააგენტო, რომელიც ამტკიცებს პრეპერატებს და მათი მასობრივი გამოყენების უფლებას იძლევა.
- ამასთან აღინიშნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დამსაქმებელი თანამშრომელს ვაქცინაციას დაავალებს, შედეგად კი მას უარყოფითი რეაქცია გამოუვლინდება, ვაქცინირებულს უფლება არ ექნება, სასამართლოში უჩივლოს დამსაქმებელს.
მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ კარგავს გონებას ამერიკული პრეპარატით აცრისთანავე ერთ–ერთი მედდა პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს. ირკვევა, რომ მას ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ მის ანამნეზში ალერგია არასდროს დაფიქსირებულა.
კიდევ ერთი ვაქცინირებული, რომელსაც აცრის შემდეგ სასწრაფო დახმარება დასჭირდა, ასევე მედმუშაკია. ცნობილი ხდება, რომ მას კომპანია BioNTech–ისა და Pfizer–ის პრეპარატი შეუყვანეს.