პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

ქვეყანაში შეზღუდვებია და დროის უმეტეს ნაწილს შინ ვატარებთ, რაც ძალიან არასასიამოვნოა. თუმცა, შეგვიძლია შიდაიზოლაციის მოსაწყენი დღეები თავად გავიხალისოთ, გავილამაზოთ და ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ამის მაგალითს კი ახალგაზრდა დედა ციცი ჩეჩელაშვილი მოგვცემს.
Sputnik

პანდემიამდე საკმაოდ აქტიური ცხოვრობით ცხოვრობდა. ჰყავდა მოსწავლეები, რომელთაც დროის უმეტეს ნაწილს უთმობდა, ამასთან ბევრს მოგზაურობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად, იღებდა ვლოგებს. თუმცა, ისევე, როგორც ყველა ადამიანის შემთხვევაში, პანდემიამ ციცის ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. შიდაიზოლაციის დროს ციცის ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. გადაწყვიტა ეს დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოეყენებინა. ამიტომ შვილთან, 8 წლის ელენესთან ერთად ხელნაკეთი საახალწლო სახლების შექმნა დაიწყო.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- მე ვარ ციცი, 29 წლის. მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე და შვილი. თავს ძალიან ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. პროფესიით ვარ დაწყებითი განათლების პედაგოგი. უკვე რამდენიმე წელია კერძო რეპეტიტორად ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ უაღრესად სასიამოვნო საქმეს ვემსახურები. ბავშვებთან ურთიერთობა მავსებს და დადებითი ენერგიით მმუხტავს. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

- სრულიად განსხვავებული საქმიანობის სფერო გაქვთ, მაგრამ მაინც ახერხებთ საოცარი ხელნაკეთი დეკორაციების შექმნას. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

- მიყვარს საინტერესო სიახლეები. თავისუფალ დროს ვცდილობ აღმოვაჩინო რაღაც ახალი. ამასთან მიყვარს მრავალფეროვნება. სწორედ დღევანდელმა რეალობამ, მიმდინარე პანდემიამ ხელი შეუწყო ჩემს ერთგვარ გატაცებას. შიდაიზოლაციამ სხვა კუთხით დამანახა საკუთარი თავი. ხელნაკეთი ნივთების დამზადების იდეა სწორედ მას შემდეგ გამიჩნდა, რაც მეტი დროის გატარება მომიწია სახლში. ამასთან, მოგეხსენებათ, ქვეყანაში უჩვეულო სწავლების პრობლემის წინაშე დავდექით. იქნება ეს სწავლის პროცესი თუ გართობა, ბავშვები ძირითად დროს ინტერნეტ–სივრცეში ატარებენ, რაც უარყოფითად აისახება მათზე. სწორედ ჩემი შვილი გახდა მიზეზი იმისა, რომ დამეწყო სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნა, მიმექცია მისი ყურადღება და ჩამერთო ამ საქმიანობაში.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

- რა სახის დეკორაციებს ქმნით?

- ამ ეტაპზე საშობაო თემატიკაზე ვქმნი პატარა, ზღაპრულ სახლებს. თავიდან ერთი ხელნაკეთი სახლი გავაკეთე, რამაც მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ამან დიდი სტიმული მომცა და სიამოვნებით შევუდექით სხვადასხვა დეკორაციების დამზადებას.

ხელნაკეთი სახლების დასამზადებლად ვიყენებ მუყაოს ქაღალდს, ხის მასალას, პენოპლასტსა და ფერად ფურცლებს.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

- საოცარი გოგონა გყავთ, რომელიც ძალიან აქტიური და ნიჭიერი ბავშვია. ის რამდენად არის ჩართული დეკორაციის შექმნის პროცესში, გაამართლა თქვენმა იდეამ, გეხმარებათ ამ საქმიანობაში?

- ვთვლი, რომ ამან შედეგი გამოიღო. ჩემს შვილს ძალიან მოეწონა სახლების დამზადების პროცესი. ისიც სიამოვნებით ჩაერთო ამ საქმიანობაში. რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად აკეთებს დეკორაციებს, მიზიარებს ახალ-ახალ იდეებს, რაც უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდის სახლების დამზადების პროცესს.

პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი და დედა-შვილის მიერ შექმნილი ზღაპრული სახლები

- ამ ნივთებს მხოლოდ თქვენთვის ქმნით, თუ შემოსავლის წყაროცაა?

- უკვე იმდენი ლამაზი სახლი დაგვიგროვდა, რომ ვფიქრობ, რატომაც არა, თავისუფლად შეიძლება შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ. ელენემ უკვე დაგეგმა, რაში გამოიყენებს შეგროვებულ თანხას და მე მზად ვარ დავეხმარო მიზნის მიღწევაში და ამ პროცესის თანამონაწილე გავხდე. ვცდილობ, ყველასთვის არაორდინალური, უჩვეულო ახალი წელი მისთვის კვლავ საინტერესო დარჩეს.