ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფშია

„ადამიანის თავისუფლების ინდექსი“ პირველი ყოვლისმომცველი ინდექსია, რომელიც ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ცალკეულ სფეროებში თავისუფლების მდგომარეობას აფასებს.
Sputnik

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ცნობილი The HUMANFREEDOM INDEX 2020-ის რეიტინგიდან ხდება. 

ადამიანის თავისუფლების ინდექსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია, რომელიც ადამიანთა თავისუფლებას თითოეულ ქვეყანაში 0-დან 10 ქულამდე აფასებს. ინდექსი მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და სხვ. 

საუკეთესო ქვეყანა ბავშვებისთვის: გაერო რეიტინგს აქვეყნებს

162 ქვეყანას შორის საქართველო რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს 7.87 ქულით, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია. საქართველო ლიდერია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთი უსწრებს.

ინდექსი ქვეყნებს ადამიანის თავისუფლების დონის მიხედვით ოთხ ზონად აჯგუფებს. საქართველო წელს უკვე მეორედ მოხვდა საუკეთესოთა შორის – პირველ ზონაში, ანუ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის თავისუფლება ყველაზე მეტადაა დაცული. მანამდე საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს შორის შარშან დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ფარგლებში საქართველო, ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით, ევროპაში მე-2 ადგილზეა და მას მხოლოდ შვეიცარია უსწრებს.

საუკეთესო ათეულში შევიდნენ: ახალი ზელანდია, შვეიცარია, ჰონკონგი, კანადა, ავსტრალია, დანია, ლუქსემბურგი, ფინეთი, გერმანია და ირლანდია.

რაც შეეხება რეგიონულ მეზობლებს, ადამიანის თავისუფლების ინდექსში სომხეთმა 47-ე ადგილი დაიკავა, აზერბაიჯანმა – 116-ე, რუსეთმა – 115-ე, ხოლო თურქეთმა – 119-ე ადგილი.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი და ანგარიში ქვეყნდება კატონის ინსტიტუტის, ფრეიზერის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის ლიბერალთა ინსტიტუტის მიერ - ერთობლივად.