თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს დატოვება ვერ შეძლეს, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა 2021 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივეს, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
შესწორებები შევიდა მთავრობის 28 მარტის დადგენილებაში „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ 14 მარტიდან უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის 31 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საშეღავათო რეჟიმი აამოქმედა. მაგრამ 1 აგვისტოდან ყველა მათგანი ავტომატურად არალეგალი გახდა. ამიტომ ხელისუფლებამ უცხოელებს ქვეყანაში ყოფნა 31 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა.
დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისთვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2021 წლის 1 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
- თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
- თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
- თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ უცხოელები ვალდებული არიან დატოვონ ქვეყანა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ ჯარიმა ან გაძევება, აგრეთვე მათ 2-დან 5 წლამდე ვადით ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ.
გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს შსს ინდივიდუალურად იღებს.
რაც შეეხება ჯარიმებს, ვადის ამოწურვიდან სამი თვის ვადაში ის 180 ლარს შეადგენს, შემდეგ კი ორმაგდება.