გიორგი რურუას ცემის ფაქტზე გლდანის ციხის ორ თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, რასაც მსჯავრდებულის ჯგუფურად ცემა მოყვა
Sputnik

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. გენერალურმა პროკურატურამ  #8 პენიტენციური დაწესებულების ორ თანამშრომელს ბრალად სამსახურებრივი გულგრილობა წაუყენა.

საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელ გიორგი რურუაზე თავდასხმის ფაქტს, რომელიც ციხეში 2 ნოემბერს მოხდა. დაკავებულები არიან #8 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი.

გიორგი რურუას ცემის საქმეზე ციხის ორი თანამშრომელი დააკავეს

როგორც გამოძიებით დადგინდა, აღნიშნულმა პირებმა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნად, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული გიორგი რურუას ჯგუფურად ცემა, რომელიც სასჯელს ამ ციხეში იხდის. რამაც ამ უკანასკნელის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალი ედება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ბრალის აღიარების შემთხვევაში დაკავებულებს ემუქრება ჯარიმა, ან ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა, ანდა სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გლდანის ციხეში გიორგი რურუა სცემეს

საქმის გამოძიება გრძელდება.

სასამართლო დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე 18 დეკემბერს იმსჯელებს.

გიორგი რურუა სასჯელს გლდანის #8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

ქართული ოპოზიციური პარტიები ნიკა რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.