როგორ აისახება რუსეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება საქართველოში პურის ფასზე?

დღეს, მიუხედავად მთელ მსოფლიოში მიმდინარე სერიოზული ცვლილებებისა, საქართველოსთვის რუსული ხორბლის ფასი ყველაზე მეტად მისაღებია.
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. რუსეთში ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების გამო საქართველოში ფქვილისა და პურის გაძვირების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება სამთავრობო პროგრამის წყალობით, რომელიც ფქვილის ფასების სუბსიდირებას ითვალისწინებს, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში. 

ლევან დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება

რუსეთის მთავრობამ ფქვილისა და პურის ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე სატარიფო კვოტა დააწესა. 17,5 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი დაიბეგრება გატანილი პროდუქციის საბაჟო ღირებულების 50%-ით, მაგრამ არანაკლებ 100 ევროთი ერთ ტონაზე. კვოტის ფარგლებში ჭვავის, ქერისა და სიმინდის საექსპორტო ბეგარა 0% იქნება, ხორბლისა კი – 25 ევრო ერთ ტონაზე. გადაწყვეტილება ეხება იმ ქვეყნებში ექსპორტირებულ პროდუქციას, რომლებიც არ არიან საბაჟო კავშირის წევრები, და ის იმოქმედებს 2021 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისამდე.

„არ ველოდებით, რომ ფქვილისა და პურის ფასები საგრძნობლად შეიცვლება, რადგან 1 დეკემბრიდან ჩვენთან ამოქმედდა ფქვილის სუბსიდირების ოთხთვიანი პროგრამა, რათა სოციალური პური არ გაძვირებულიყო. უკვე ჩატარდა ტენდერი. ეს ტენდერი ექვსმა კომპანიამ მოიგო“, – აღნიშნა სილაგავამ.

მწარმოებელ ქვეყნებში ხორბლის ცუდმა მოსავალმა, ეკონომიკურმა კრიზისმა და ლარის მერყევმა კურსმა იმოქმედა ფქვილის ღირებულებაზე, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქვეყანაში პური გაძვირდებოდა. ამის თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის იმპორტის სუბსიდირების გადაწყვეტილება. პროგრამა გათვლილია 4 თვეზე და ის დეკემბრიდან ამოქმედდა. წისქვილკომბინატებისთვის დაწესებულია ფიქსირებული ფასი – 53 ლარი პირველი ხარისხის ფქვილის 50 კგ-იან ტომარაზე. 

როგორ შეძლებს მთავრობა პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნებას

იმ წისქვილკომბინატებს, რომლებიც პურის ქარხნებს პირველი კატეგორიის ფქვილის ერთ ტომარას 53 ლარად მიჰყიდიან, მთავრობა გამოუყოფს სუბსიდიას – არაუმეტეს 10 ლარისა ერთ ტომარა ფქვილზე.

პროგრამა 1 მარტამდე გაგრძელდება.

„მარტის შემდეგ ჩვენ, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, დავაკვირდებით სიტუაციას. მარტი არის თვე, როდესაც მსოფლიოში ხელახლა აანალიზებენ, სავარაუდოდ როგორი იქნება მომავალი წლის მოსავალი. ჩვენი ორიენტირი ფასები იქნება. მთავრობასთან ერთად შევხედავთ: თუ ფასები დაიწევს, ჩვენც შევძლებთ ამ ფასებით ვიხელმძღვანელოთ. თუ ფასები გაიზრდება და მსოფლიო ბაზარზე დაძაბული ვითარება იქნება, ჩვენც გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ ამ პროგრამას თუ რაიმე სხვა სქემით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა სილაგავამ. 

ხორბლის რა მარაგი აქვს ქვეყანას და რა შემთხვევაში გაძვირდება პური

მისი თქმით, ხორბლის ექსპორტზე სატარიფო კვოტა, რომელიც რუსეთმა დააწესა, არ ეხება რომელიმე ქვეყანას. ის მოქმედებს რუსული კომპანიებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი საზღვარგარეთ გააქვთ.

„ეს იმისთვის კეთდება, რომ 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე, ანუ პირველი მოსავლის აღებამდე ქვეყნიდან არ გავიდეს 17,5 მილიონ ტონაზე მეტი. რუსეთი აწესებს კონტროლს თავის კომპანიებზე, რათა თავად არ დარჩეს ხორბლის გარეშე, რათა შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა. კომპანია, რომელსაც სურს კვოტაზე მეტი ხორბლის გატანა, ან არ მოხვდა ამ სიაში და არ მიიღო კვოტით პროდუქციის გატანის ნებართვა, გადაიხდის ბეგარას – გასატანი ხორბლის ღირებულების ნახევარს“, – აღნიშნა სილაგავამ.

რუსეთი – ხორბლის ძირითადი ექსპორტიორი

ერთი წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 10%-ია. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან. რუსეთზე მოდის იმპორტირებული ხორბლის 90%.

მაგალითად, 2019 წელს საქართველომ დაახლოებით 700 ათასი ტონა ხორბალი შეიძინა, აქედან 550 ტონა - რუსეთიდან.

ხორბალი საქართველოში შემოდის ზღვით – ბათუმისა და ფოთის პორტებიდან, ასევე სახმელეთო გზით – ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან და აზერბაიჯანის მხრიდან სარკინიგზო ხაზით. 

რა შემთხვევაში იტყვის უარს საქართველო რუსული ხორბლის იმპორტზე

„ყველა ამ მიმართულებით ხორბალზე თავისუფლად მიგვიწვდებოდა ხელი. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენთვის უფრო მისაღები რჩება რუსული ხორბლის ფასი, რომელიც 10-20%-ით იაფია. და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნისთვის, სადაც რუსეთს თავისი ხორბალი გააქვს. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის პირველი ექსპორტიორია და იმის გამო, რომ რუსეთთან ჩვენი ლოგისტიკა ძალიან მისაღებია, ჩვენ ძირითადად მისგან ვიღებთ ხორბალს“, – განაცხადა ექსპერტმა.  

მიუხედავად ამისა, საქართველო სხვა ქვეყნების ბაზრებისკენაც იყურება. როგორც კი რუსეთში ფასები არსებითად შეიცვლება, ქვეყანა ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ხორბალს სხვა ქვეყნებშიც შეიძენს.