„გმირი მამაა“ - კახა კალაძე ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის

თბილისის მერმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილის ვინაობა გაარკვია და დაადგინა, რომ ეს მამაკაცი 6 შვილს მარტო ზრდის
Sputnik

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე ბინას ჩუქნის მამა-შვილის ოჯახს, რომლის ფოტოც ე.წ. აფრიკის დასახლებიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერი თავის Facebook-გვერდზე წერს.

სამგორის რაიონში დღეს მერიამ უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განახორციელა. აღნიშნულ  ფოტოს დღეს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა. 

„ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო – მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა. ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო… მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

პროტესტი „აფრიკაში“: თბილისში შენობების დემონტაჟმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ, ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? – ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია. მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა - მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვe, რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“, – წერს კახა კალაძე.

სახლების დემონტაჟი ე.წ. აფრიკაში: ლომჯარია მერიისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს

ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დღეს პოლიციასა და სახლების მფლობელებს შორის შეხლა-შემოხლით დასრულდა. სახლის პატრონებმა ბულდოზერებს გზა გადაუკეტეს და შენობების დემონტაჟს არ ანებებდნენ. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

თბილისის მერის თქმით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახლების მფლობელები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ უკანონო ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარებოდა და მიწის უკანონო მისაკუთრება დანაშაულია. მისივე თქმით, „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“.