სახლების დემონტაჟი ე.წ. აფრიკაში: ლომჯარია მერიისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვს

ომბუდსმენმა მიმართა დედაქალაქის ხელისუფლებას თხოვნით, წარმოადგინონ ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ზომები იყო და იქნება მიღებული იმ ოჯახების დასაცავად, რომელთა სახლები დღეს დაანგრიეს
Sputnik

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია ეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე ხდებოდეს. ასეთი კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც დღეს მერიამ განახორციელა.

რას შეპირდა ე.წ. აფრიკის მოსახლეობას სოზარ სუბარი და რას არ დაუშვებს კახა კალაძე

ომბუდსმენი მოუწოდებს თბილისის მერიას გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც იქნება წარმოდგენილი ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ზომები იყო და იქნება მიღებული იმ ოჯახების დასაცავად, რომელთა სახლები დღეს დაანგრიეს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის“, - დაწერა ლომჯარიამ თავის Facebook-გვერდზე.

„ახალი წელი გავაუქმოთ?" – რას გეგმავს დედაქალაქის მერი საახალწლოდ

ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დღეს პოლიციასა და სახლების მფლობელებს შორის შეხლა-შემოხლით დასრულდა. სახლის პატრონებმა ბულდოზერებს გზა გადაუკეტეს და შენობების დემონტაჟს არ ანებებდნენ. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

თბილისის მერის თქმით, სახლების დემონტაჟი კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და მერია სახელმწიფო მიწების მიტაცებას ხელს ვერ შეუწყობს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სახლების მფლობელები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ უკანონო ნაგებობები დემონტაჟს დაექვემდებარებოდა და მიწის უკანონო მისაკუთრება დანაშაულია. მისივე თქმით, „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები“.